რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების გზით დასრულდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სავარაუდოდ, ეს ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულდება. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ უკრაინას დარჩეს სუვერენულ და დამოუიდებელ ევროპულ ერად, გავუწიოთ სამხედრო დახმარება, ეკონომიკური მხარადჭერა და მკაცრი სანქციები დავუწესოთ რუსეთს", - განაცხადა სტოლტენბერგმა შეკითხვის პასუხად დასრულდება თუ არა ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ან რომელიმე მხარის სრული დამარცხებით.
ერთი კვირით ადრე Bild-თან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ "ომი უკრაინაში, შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს". "ჩვენ უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ეს, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს", -განაცხადა მან.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკება უკანასკნელად მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართეს, შემდეგ კი მხარეები ვიდეოშეხვედრებს მართავდნენ. მაისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაპაუზებულია.
რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს.