სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტრიუკმა განაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავიანთი "კომენდანტი".
"ქალაქი მთლიანად რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ არის. ისინი [ოკუპანტები[ ცდილობენ იქ თავიანთი წესრიგი დაამყარონ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დანიშნეს ვიღაც "კომენდანტი" და კრებენ რაღაც "აქტივს".
ქალაქი იმდენად განადგურებულია, რომ ადამიანებისთვის მძიმე იქნება იქ გამგზავრება. იმედი გვაქვს, რომ რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება უკრაინის კონტროლქვეშ", - თქვა სტრიუკმა უკრაინულ მედიასთან.
მისი თქმით, ქალაქიდან გასვლა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით არის შესაძლებელი. სტრიუკმა თქვა, რომ "აზოტის" ქარხანაში შეფარებული ადამიანები გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ რუსების ოკუპაციის ქვეშ მოექცნენ, პროპაგანდისტები უკვე ამზადებენ პროვოკაციულ ვიდეოებს.
"ადამიანებს, რომლებიც სამ თვეზე მეტია "აზოტის" სამალავებს აფარებდნენ თავს, სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა რუსები სარგებლობენ მათი მდგომარეობით და პროპაგანდისტულ სიუჟეტებს ამზადებენ", - განაცხადა სტრიუკმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში მედიკამენტების საკმარისი მარაგია.
სევერდონეცკში უკრაინელმა სამხედროებმა უფრო გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებზე გადაინაცვლეს, საიდანაც ეფექტურად შეძლებენ თავდაცვითი მოქმედებების განხორციელებას.
სტრიუკმა აღნიშნა, რომ სევროდენცკი თითქმის აღარ არსებობს.
ქალაქი, რომელიც მდებარეობს ლუჰანსკის რეგიონში, ბოლო კვირების განმავლობაში სასტიკი ბრძოლის ველად იყო ქცეული. მისი დაცემა იქნება საკვანძო გამარჯვება რუსეთისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დონბასის რეგიონის (როგორც ლუჰანსკის, ასევე მეზობელი დონეცკის) მთლიანად ხელში ჩაგდებას.
პრორუსი სეპარატისტები უკვე აკონტროლებენ დონბასის დიდ ნაწილს 2014 წლიდან.