აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რუსეთი მის მიერვე გაჩაღებულ ომში უკვე დამარცხდა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის შესახებ ბლინკენმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"უკრაინელები თავის იცავენ წარმოუდგენელი თავგანწირვით, რუსეთი კი უკვე დამარცხდა. პუტინის მიზანი, როგორც ის თავად ამბობდა, იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება. ამ მიზანმა მარცხი განიცადა. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე დიდხანს იარსებებს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი", - თქვა მან.
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასში გარკვეული წარმატებების მიუხედავად, შორს არის გადამწყვეტი გამარჯვებისგან, ის მიღწევა კი, რაც მას გააჩნია, უკიდურესად მაღალი ფასი უჯდება.
"შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა და დაიჭრა ათი ათასობით რუსი სამხედრო. რუსეთი დიდი რაოდენობით კარგავს ტანკებს, ავიაციას, ჯავშანტექნიკას... ჩვენი დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთია არმია კვლავ განიცდის დაბალ საბრძოლო სულისკვეთებას, სიკვდილიანობის მაღალ დონეს, ტექნიკასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს", - თქვა ბლინკენმა.