საქართველოში მეორე ტურისტული ზონა იქმნება. აჭარის შემდეგ მეორე ტურისტული ზონა ანაკლიაში შეიქმნება. როგორც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის ინვესტორები, ვინც ანაკლიაში სასტუმროებს ააშენებენ, 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდებიან. ხოლო ინვესტორს, რომლებიც ანაკლიაში 100 ნომერზე მეტის ტედავობის სასტუმროს ააშენებს, სახელმწიფო კაზინოს ლიცენზიის მოსაკრებელისგან გაათავისუფლებს.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, დაინტერესებულ ინვესტორებთან კონტრაქტები 2011 წლის იანვრის ბოლომდე გაფორმდება, ხოლო სასტუმროების მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ 30 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი. სამთავრობო კომისიამ გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს. ცნობილია, რომ ქობულეთში, ე. წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე, სასტუმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "Esho-Concern" CJSC (სომხეთი, ერევანი).
"ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა ისევ აქვთ, რადგანაც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, განაცხადების შეტანის ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.
პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.
განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.