ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.
"ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ", – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, კითხვაზე, საქართველო როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.
"ზუსტად ასეა. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია და ევროპულ საბჭოს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მოლდოვასა და უკრაინას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ამასთან, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები უნდა დააკმაყოფილოს.