ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
"კომისია რეკომენდაციას გასცემს ევროპული საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეთ სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად.
საქართველოსთან დაკავშირებით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები და შემდეგ გადაწყდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა მკაფიო გზა შეიმუშაოს სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ საქართველოს მიანიჭოთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაუბრუნდეთ ამ საკითხს მოგვიანებით და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პოზიცია არ ნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა მიიღებს ან არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ივნისის ბოლოს გამართულ სამიტზე მიიღებენ.