უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც აპრილში კიევის ოლქის ვიშგოროდსკის რაიონში მოკლული იპოვეს, ასევე მისი თანმხლები უკრაინელი ჯარისკაცი ალექსეი ჩერნიშევი, რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს.
ამ დასკვნამდე მივიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს (RSF) რეპორტიორები, რომლებიც 24 მაისიდან 3 ივნისამდე იმყოფებოდნენ უკრაინაში, ლევინის გარდაცვალების გარემოებათა დასადგენად.
როგორც იუწყებიან, ჟურნალის მაქს ლევინისა და სამხედრო ალექსეი ჩერნიშევის სიკვდილით დასჯას წინ უძღოდა დაკითხვა და წამება.
ლევინსა და ჩერნიშევთან კონტაქტი 13 მარტს შეწყდა. ლევინის ცხედარი 1-ელ აპრილს აღმოაჩინეს. ჩერნიშევთან დაკავშირებით მედია არაფერს იტყობინებოდა, თუმცა როგორც RSF იუწყება, სამხედროს ცხედარი ლევინთან ერთად იპოვეს.
RSF-ის წარმომადგენლებმა ცხედრები აღმოაჩინეს სოფელ მოშუნში, აღნიშნული ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ. აქვე იპოვეს ლევინის დამწვარი "ფორდი", რომელზეც 14 ნატყვიარი იყო. შემთხვევის ადგილზე ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე ტყვიის მასრა და ჩერნიშევის პირადობის მოწმობა.
RSF-ის წარმომადგენლებმა ასევე აღმოაჩინეს "რამდენიმე ნივთი დნმ-ის შესაძლო კვალით, რაც მიუთითებს რუსი სამხედროების ყოფნაზე იმ ადგილის უშუალო სიახლოვეს, სადაც ლევინი და ჩერნიშევი მოკლეს". ასევე, ორგანიზაციის ცნობით, მეტალოდეტექტორის საშუალებით მათ აღმოაჩინეს ტყვია, რომელიც დიდი ალბათობით მაქს ლევინს მოხვდა.
"დანაშაულის ადგილის ამსახველი ფოტოების ანალიზი, ასევე, ამოღებული მატერიალური მტკიცებულებები აშკარად მიუთითებს სიკვდილით დასჯაზე, რომელსაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამებაც კი", - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, კრისტოფ დელუარი.
მაქს ლევინი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტთაგან, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის ომის გაშუქებისას. ჟურნალისტებს შორის ბოლო მსხვერპლი იყო ფრანგი ვიდეორეპორტიორი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი, რომელიც 30 მაისს ლუჰანსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა.