ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტის შემოღებას მოითხოვს.
კრემლის წინააღმდეგ პოტენციურად დასაწესებელ შეზღუდვათა შორის აქტიურად განიხილება ოქროსთან დაკავშირებული აქტივები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მოსკოვისა და მისი ერთგული მოკავშირის, მინსკის წინააღმდეგ, სანქციების 6 პაკეტი დაამტკიცა, მაგრამ ეკონომიკის ზოგიერთ სექტორს, მათ შორის გაზს, შეზღუდვები პრაქტიკულად არ ეხება.
"სანქციებზე მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის მათი აღსრულებისა და მათზე გვერდის ავლის თავიდან აცილების მიმართულებით", - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერთა სამიტის საბოლოო კომუნიკეს პროექტში, რომელიც სააგენტო Reuters-ს ჩაუვარდა ხელში.
Reuters-ის ცნობით, კომუნიკეს პროექტის ტექსტი არის კომპრომისული ვარიანტი სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ დოკუმენტში მეშვიდე პაკეტის შესახებ მკაფიო ჩანაწერს და გერმანიას, ბელგიას და ნიდერლანდებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია ფოკუსირება მოახდინონ უკვე შემოღებული შეზღუდვების აღსრულებაზე და არა ახალი ზომების დაწესებაზე.
ევროკავშირის ოფიციალური პირების ცნობით, დისკუსიები მიმდინარეობს რუსულ ოქროსთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ახალი სანქციების ერთ-ერთ სამიზნე გახდეს.
ოქრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის. ამ დროისთვის, რუსეთს ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების ნახევარი, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინულია დასავლეთის სანქციების შედეგად.
როგორც იუწყებიან, გასულ კვირას, დახურულ შეხვედრაზე დანიის წარმომადგენელი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსული ოქრო სანქციების მომდევნო ტალღის ერთ-ერთი სამიზნე იყოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ევროკომისია განიხილავს შემდეგ პაკეტში ოქროს დამატება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეზღუდვები შეეხება ექსპორტს, იმპორტზე, თუ ორივეს ერთდროულად.