უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, ეს დიდი გზის დასაწყისია.
“მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ წამს მოვაწერეთ ხელი განზრახვის წერილს. ეს შვედეთსა და უკრაინას შორის განზრახვის წერილია, და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელიც ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს დიდ საექსპორტო შეთანხმებასთან Saab-ისთვის, შვედეთისთვის, უკრაინასთან ერთად“, - განაცხადა კრისტერსონმა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ეს შეთანხმება არ ისახავს მიზნად რაიმე ახალ მიწოდებას, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი გარიგების მიღწევის შესაძლებლობას.
„საუბარია დაახლოებით Gripen E სერიის 100-150 გამანადგურებელზე, რომელთა წარმოებაც ახლა იწყება და ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინაში შევქმნათ ძალიან სერიოზული საჰაერო ძალები, რომლებიც გამანადგურებელი სისტემების დიდი ოჯახის ნაწილი გახდება“, - თქვა კრისტერსონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის განზრახვის მკაფიო ორმხრივი განცხადება და მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ხანგრძლივი გზის დასაწყისი.