"არჩევანი არის ქართველ ხალხზე: ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენს მომავალს ევროკავშირში ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, რომ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, რაც უკვე დაიწყო.
"ქართული ოცნებიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ ორჯერ დავფიქრდებოდი თქვენ ადგილზე, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ათიათასობით სტუდენტი გამოვიდა 20 ივნისს საქართველოში საკუთარი მომავლის დასაცავად.
"ქართველმა ხალხმა გუშინ გააკეთა თავისი არჩევანი და დააფიქსირა ქუჩებში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე“, - განაცხადა სალომე სამადიშვილმა.