არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატო-სთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება. ეს არის ჩვენი მოტივაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატო-ში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი", – განაცხადა პრემიერმა.