ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ, გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან. ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს და ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო, – განაცხადა 20 ივნისის აქციის შეფასებისას დეპუტატმა ოპოზიციიდან, დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი.
„ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ, გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან. ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს და ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ, 24-ში შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.