ჩვენი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია. მათ ჩაწერეს სიტყვა დეოლიგარქიზაცია, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამძირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“.
„დეოლიგარქიზაციის ჩაწერა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს იმ წნეხისგან, რომელიც ხელისუფლებაზე არის. ამის მშვიდად, კანონიერად, კონსტრუქციულად მოხდენა ისე, როგორც ქართველ ხალხს უნდა, სხვანაირად შეუძლებელია, თუ არა არჩევნები“,- თქვა მარგველაშვილმა და არნიშნა, რომ მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ხალხს, არამარტო დღევანდელ საქართველოს, ზურგი შეაქცია მთელ ისტორიულ არჩევანს.
მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
„ეს არის ის დინამიკა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირი გვთავაზობს და მათ ეს სიტყვა პირდაპირ ჩაწერეს. ბუნებრივია, ეს ვადამდელი არჩევნების გზით უნდა მოხდეს. მათ პირდაპირ გვითხრეს - 6 თვეში დეოლიგარქიზაცია. ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნილი, ეს არის 6 თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები,რომელიც ლეგიტიმურად ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.