მაშინაც კი, თუ დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდება, უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას რუსული შემოჭრისგან, მაგრამ ამის შედეგად კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანული ტელევიზიის ეთერში.
"თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს ომი ჩვენი არსებობისთვის ომია", - აღნიშნა კულებამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დაეხმარება ეს მას.
"თუ იარაღს მოგვიანებით მივიღებთ, ჩვენ მაინც ვიტყვით მადლობას, მაგრამ შემდეგ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება", - დასძინა მინისტრმა.
თავის გამოსვლაში მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ფრონტის "ყველაზე ცხელ" რაიონებში არტილერიაში 15-ჯერ მეტი უპირატესობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიას "მეტის გაკეთება შეუძლია და გააკეთებს" უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.