პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.
"დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე", - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.