მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში იკრძალება რუსული საინფორმაციო და ანალიტიკური კონტენტის, ასევე სამხედრო თემატიკის ფილმების გავრცელება. იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, კანონი გამოქვეყნდება და ამოქმედდება მომავალი კვირიდან, რის შემდეგაც დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი შინაარსის გავრცელებისთვის დაწესდება ჯარიმები, მედიის დროებითი დაბლოკვის ჩათვლით.
დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40-დან 100 ათას ლეამდე (2-დან 5 ათას ევრომდე), ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის 7 დღემდე შეჩერება. კანონის აღსრულებას ზედამხედველობას მაუწყებლობის საბჭო გაუწევს.
მანამდე, კანონი 101-დან 54 დეპუტატის მხარდაჭერით დამტკიცდა პარლამენტში. ოპოზიციამ კანონი მკაცრად გააკრიტიკა.
"ეს, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მოლდოვაში რუსული სატელევიზიო მაუწყებლობის განადგურებას და ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი აკრძალვისა", - განაცხადა მოლდოვის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვას მოლდოვა ჯერ კიდევ 2017 წელს ეცადა, თუმცა მაშინ ამ კანონის წინააღმდეგ იმდროინდელი პრეზიდენტი, პროპუტინისტი იგორ დოდონი გამოდიოდა. პარლამენტმა დოდონის წინააღდეგობის მიუხედავად მოახერხა ამ კანონის დამტკიცება, თუმცა 2020 წელს იგი გაუქმდა დოდონის მხარდაჭერილი სოციალისტების პარტიის ინიციატივით.