რუსეთის ომი უკრაინაში, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ის [ომი], შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ ხარჯები დიდი იქნება - არამხოლოდ სამხედრო დახმარების, არამედ ენერგომატარებლებისა და სურსათის ფასების ზრდის გამო", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის ვერ შეედრება იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები იხდიან, როდესაც ყოველდღე უამრავ სიცოცხლეს წირავენ.
"და თუ პუტინი ამ ომიდან გააკეთებს დასკვნას, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში ომისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჩვენ უფრო დიდ ფასს გადავიხდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი მეტ თანამედროვე იარაღს მიიღებს, გაიზრდება იმის ალბათაობა, რომ "უკრაინა შეძლებს პუტინის ჯარების განდევნას დონბასიდან".
ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ "ნატო გააგრძელებს უკრაინის თავდავის მხარდაჭერას", თუმცა კონფლიქტის მხარე არ გახდება. მან აღნიშნა, რომ ნატო დაეხმარება კიევს, მაგრამ თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის უკრაინაში.
"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას, ნატოს მეთაურობით სამხედროების რაოდენობას 40 000-მდე გავზრდით. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას ალიანსის ტერიტორიაზე - ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რათა მას არ ჰქონდეს გაურკვევლობა თავდაცვისდმი ჩვენ მზადყოფნასთან დაკავშირებით", - განმარტა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის საფრთხე, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: "ჩვენ ვერ ვხედავთ რუსთის ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას. ამის მიხედავად, რუსეთის მხრიდან ბირთვული არსენალის ჟღარუნი სახიფათო და უპასუხისმგებლოა". პუტინმა უნდა იცოდეს: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთისთვის ჩვენი მკაფიო სიგნალია: ნატო დაიცავს ალიანსის ყველა წევრს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.