ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს ალიანსის მადრიდის სამიტზე გამოცხადდება, რომ რუსეთი ორგანიზაციის პარტნიორად აღარ განიხილება.
"სამყარო უფრო საშიში გახდა. სამიტზე ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი, არამედ საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის ფედერაციის მზადყოფნის მაღალ დონეს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.
"მიუხედავად ამისა, რუსეთის ბირთვული რიტორიკა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება. ჩვენი მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის არის ის, რომ ნატო იცავს ყველა წევრ ქვეყანას", - განაცხადა მან.
ნატოს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.