მსოფლიოს ჯოჯოხეთი ელოდება დედამიწაზე, თუ ომი უკრაინაში არ დასრულდება და არ გაიხსნება პორტები: დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს იმ ქვეყნების დესტაბილიზაცია, რომლებიც უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპორტზე არიან დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, იუწყება The Guardian.
"ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე ჩვენ წავაწყდით უპრეცენდენტო გლობალურ სასურსათო კრიზისს СOVID-19-სა და საწვავზე ფასების ზრდის გამო. მაშინ ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს ომი დამანგრეველია. ძალიან საშიში დროა... ჩვენ გვემუქრება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, თუ სათანადო პასუხს არ გავცემთ. კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სწორედ ახლა, ის არის, რომ დავასრულოთ ეს წყეული ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და გავხსნათ პორტები", - თქვა ბიზლიმ.
მისი თქმით, თუ კრიზისი არ მოგვარდება, ეს გამოიწვევს შიმშილობას, დესტაბილიზაციასა და მასობრივ მიგრაციას. მისივე თქმით, 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიოს 48 ქვეყანაში იფეთქა არეულობებმა, რადგან სასაქონლო ფასები და ინფლაცია გაიზარდა, ეკონომიკური ფაქტორები კი, რომლებიც ამჟამად გაგვაჩნია, იმაზე უარესია, ვიდრე 15 წლის წინ იყო.
ბიზლის თქმით, არეულობები უკვე ფიქსირდება შრი-ლანკაში, პროტესტებია ტუნისში, პაკისტანსა და პერუში, დესტაბილიზაცია შეინიშება ბურკინა-ფასოში, მალიში, ჩადიში და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უკრაინა ყოველწლიურად აწარმოებს საკმარის პროდუქტს იმისათვის, რომ გამოკვებოს 400 მლნ ადამიანი - მსოფლიო მასშტაბით მზესუმზირის ზეთის 42%-ს, სიმინდის 16%-ს და ხორბლის 9%-ს. გაერო უკრაინიდან იღებს ხორბლის 40%-ს თავისი სასურსათო დახმარების პროგრამებისთვის.