დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, – ამის სესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.
„დღეს ევროკომისიამ გამოქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტი მოლოდინი გვქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება.
აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ ფორმალურად პირველად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქნის მთლიანად ევროპულ ფასეულობით სისტემას, უსაფრთხოების გარემოს ევროპაში, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა და სწორედ ამის აღიარება მოხდა კომისიის მიერ. ეს არის დასტური იმისა, რომ თუკი აქამდე ჩვენ „პოლიტიკურ ასოცირებასა“ და „ეკონომიკურ ინტეგრაციაზე“ ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია.
რა თქმა უნდა, ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას საქართველოს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად. როგორც მოგეხსენებათ ევროკომისიის აზრი, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პროცესისათვის, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მასზე მსჯელობას გააგრძელებს ევროპული საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უკრაინას, მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში – ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების კონტექსტში გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვის მდგომარეობის გათვალისწინებით, და ამ ქვეყნების წახალისების მიზნით, ნამდვილად იყო შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან.
აქვე დავსძენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპები, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემებზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს, ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეული ქვეყანა მზად იქნება მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.