ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა, მოხარული ვართ, რომ ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა, – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ ევროპული კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
როგორც მოგეხსენებათ, კომისია ევროპულ საბჭოს უწევს რეკომენდაციას, უკრაინასა და მოლდოვას მთელი რიგი დათქმებით მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.
ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც არის იმ ღირებულებების პატივისცემისა და განმტკიცების ერთგული, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“. გარდა ამისა, დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე ქვეყანასთან მიმართებით. თუმცა, გვესმის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს.
კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიულოცა როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც მისი განცხადებით, ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება.
„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.
როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც , რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული.
დასასრულს, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, პარლამენტარებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა განაცხადის მომზადებასა და ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე მის ადვოკატირებაში. ასევე, მადლობას ვუხდით ევროკავშირის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს საკითხს გულდასმით გაეცნო და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.
დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს კი სტატუსის მისაღებად პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს.