რუსეთი სტრატეგიულად უკვე დამარცხდა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სერ ენტონი რადაკინმა განაცხადა.
სააგენტო PA-სთან ინტერვიუში, რადაკინმა განაცხადა, რომ "მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციის საშინელი შეცდომა იყო".
რადაკინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრისას ალბათ ვარაუდობდა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინაში "ტაქტიკურ წარმატებებს" მიაღწევდა.
"თუმცა კრემლმა პატარა ტერიტორიულ მიღწევებს შესწირა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხედი", - აღნიშნა რადაკინმა.
"პუტინის ომის მანქანა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით მიიწევს წინ ყოველდღე. რუსეთი განწირულია მარცხისთვის", - თქვა რადაკინმა და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას დიდი რაოდენობით იარაღით.