20 ივნისის აქცია არის ვიწრო პარტიული აქცია და იქ წარმოდგენილი იქნებიან ბაკურიანის შეკრების მონაწილე პარტიები, მთელი ოპოზიციაც არ იქნება, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის კითხვას, როგორია ხელისუფლების მოლოდინი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით და იქნება თუ არა ეს აქცია მასშტაბური იმის გათვალისწინებით, რომ ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.
„აქ იქნება „ნაცმოძრაობა“. „სირცხვიალიაც“ თავად არის „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული რადიკალური ფრთა ანუ, წარმოდგენილი იქნება თავად „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ვაშაძე, „ლელო“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. აი, ეს ადამიანები იქნებიან, ანუ, ბაკურიანის შეკრების მონაწილეები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ძალებს აქვთ არეულობის სცენარი და 20 ივნისის აქცია არის რეპეტიცია.
„მათი გათვლა არის ის, რომ ორი ქვეყანა იღებს სტატუსს და საქართველო არ იღებს, ამის შემდეგ იწყება არეულობის სცენარი და 20 ივნისის აქცია არის რეპეტიცია. საბოლოო გადაწყვეტილება როცა გამოცხადდება, რაც მათი გათვლით და იმედით ეს იქნება ის, რომ უკრაინა-მოლდოვა მიიღებს სტატუსს, ჩვენ კი ვერა, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მოაწყონ კიდევ უფრო დიდი აქცია, მერე უკვე გაგრძელებით. გაგრძელება არის არეულობა, შტურმი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და მერე, ბოლოს გვრთავენ ომში. რაც მათ აქვთ მოაზრებული, არის ძალიან მარტივი სცენარი. „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული 20 ივნისის აქცია არის ამის ერთგვარი რეპეტიცია, მაგრამ ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, რა ტიპის პროვოკაციებს ელოდება მმართველი გუნდი, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და რას აკეთებს, რომ არ განმეორდეს იგივე 5 ივლისის მსგავსი მოვლენები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ 20 ივნისის აქციას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში წინა 20 ივნისის განმეორებას, ანუ შეჭრის მცდელობას ალბათ, არ უნდა ველოდოთ.
„უკვე მეორე აქციას რომ დააანონსებენ, იქ რას იზამენ, კაცმა არ იცის, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა გათვალოს რისკები და ამისთვის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები სრულად იქნებიან მობილიზებული. რამე რისკები თუ იქნება, მაგალითად, კონტრაქციის მცდელობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, დაშორიშორება იქნება მთავარი ამოცანა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველანაირი პროვოკაციისგან უნდა დააზღვიონ“, – განაცხადა კობახიძემ.