ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 15-16 ივნისს გამართულ მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები მნიშვნელოვნად თვლიან პარტნიორობის გაძლიერებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე დაუცველები არიან.
"გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვი იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსული ჩარევის წინაშე არიან დაუცველნი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მათ შორის, რადგან საქართველომ 2008 წელს უკვე განიცადა მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები.
შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი დაადასტურებენ ჩვენი ღია კარის პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ნატოს სამიტი 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.