სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი - საარტილერიო შეიარაღებას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მადლობას ვუხდი სლოვაკეთს, რომელმაც განაცხადა, რომ გადასცემს [უკრაინას] სერია "მი"-ს ვერტმფრენებსა და უკიდურესად საჭირო სარაკეტო საბრძოლო მასალას", - განაცხადა მან.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინისთვის რამდენიმე ქვეყნის მათ შორის, კანადის, პოლონეთისა და ნიდერლანდების ახალი საარტილერიო შეიარაღების მიწოდების საკითხი.
"ეს უკრაინის საკვანძო ინვესტიციები და შესაძლებლობები შორ მანძილზე ცეცხლის წარმოებისთვის და ის გადამწყვეტი იქნება უკრაინის ძალების გაძლიერებისათვის, რათა მოიგერიონ რუსეთის შეტევა დონბასში", - აღნიშნა ოსტინმა.
ასევე ოსტინმა დაადასტურა, რომ გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას გადასცეს სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მართვადი საბრძოლო მასალით.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მესამედ გაიმართა, პირველად მიიღეს მონაწილეობა საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ.