საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია, სადაც თავის მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს შეხვდა.
ემანუელ მაკრონმა მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვის განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, სავსებით ლეგიტიმურია.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევას მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მომავალ კვირას დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრაზე.
"მოლდოვამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობისთვის და ეს სურვილი სავსებით ლეგიტიმურია. მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 10 დღეში ევროპულ საბჭოში განიხილავენ. საფრანგეთი შეასრულებს როლს, როგორც კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, რათა მიაღწიოს კონსენსუსს ამ საკითხზე", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.