20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩვას, - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ და 16 ივნისს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს);
მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!
არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;
რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩვას.
იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს.
გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი!
20 ივნისს 20:00 საათზე რუსთაველზე“, – აცხადებს ნიკა მელია.