უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის შუამავლებით ან მათ გარეშე, ომის დამთავრებისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიურ მედიას განუცხადა.
"თუ რუსეთს სურს ომის დამთავრება, რადგან ისინი მედიაში სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობენ, მართალია, მათი არ მჯერა, მაგრამ თუ ისინი დაგვანახებენ, რომ ნამდვილად სურთ ეს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. მოლაპარაკებათა მაგიდა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არ იქნება. ამიტომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირი უნდა იყოს.
შეგვიძლია ვილაპარაკოთ შუამავლებით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მათ გარეშეც - სიმართლე გითხრათ, ჩენთვის სულერთია, თუ რუსეთი მზად არის ომი დაასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის პირადად მზად ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ "დღეს მხოლოდ პრეზიდენტი პუტინი წყვეტს, რუსეთის არმია გაჩერდება თუ არა, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამხედროებისთვის".
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად უკრაინის საზოგადეობის მხარდაჭერა რუსეთთან დიალოგის მიმართ, მცირდება, რადგან რწმენა არ არსებობს.
"მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა ომი დამთავრდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.