პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 8 მოსამართლის სანქცირებას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, სწორე ისინი არიან ოლიგარქიული მმართველობის საყრდენები.
მანამდე, ხოშტარიამ "ბიზნესოლიგარქებისა" და რამდენიმე სახელმწიფო უწყების სანქცირება მოითხოვა.
ელენე ხოშტარიას მტკიცებით, იმ მოსამართლეებზე ინფორმაცია, რომელთა დასანქცირებასაც მოითხოვს, ეყრდნობა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს.
ხოშტარიამ ბრიფინგზე 9 მოსამართლის ვინაობა დაასახელა, რომელთა სანქცირებასაც ითხოვს:
მიხეილ ჩინჩალაძე - "წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც შემდეგ პოლიტიკური მსახურებისთვის მოსამართლედ დააწინაურეს. 2012-2013 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილის საყრდენი კლანის შექმნაში. ის არის კლანის რეალური თავი";
ლევან მურუსიძე - "გამოირჩევა მძიმე საქმეებით - წინა ხელისუფლების დროს განიხილა "გირგვლიანის საქმე" და 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად. მას შემდეგ ის არ ერიდება პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების, მიკერძოების გამოხატვას. მას ღიად ეძახიან ლიდერს სისტემაში";
შალვა თადუმაძე - "ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში საქმეების შესაკერად, შემდეგ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ იმისთვის, რომ ჩაიკეტოს მართლმსაჯულების სისტემა"
გიორგი მიქაუტაძე - "უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. მანამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა";
ლაშა ჩხიკვაძე - "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომელიც ნაწილობრივ სანქცირებულიც არის - ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა ადამიანი. ეს საქმე არის ამ დრომდე მიმდინარე იმისთვის, რომ იყოს გამოჭერილი და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები";
ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - "ძმები, ოჯახური, კლანური ბიზნესით, რომელთა ხელშიც გადიოდა ბევრი პოლიტიკური საქმე. მათ შორის, "კაბელების", "ციანიდის", "რურუას". ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეები";
ირაკლი შენგელია - "შედარებით ჩრდილში მყოფია, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენია [მიხეილ] ჩინჩალაძის. მას ცოლი და დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში;
სერგო მეთოფიშვილი - "ეს არის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".