"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება ღიად მოღალატეობრივია.
მისი თქმით, ახლა საპასუხო მოქმედებების დროა.
"გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერის თქმით, "ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესოლიგარქების სანქცირების" გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების სანქცირებაც:
"შემდეგი საყრდენი არის სასამართლო სისტემა და აქ მთავარი პრინციპი არის კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია კონკრეტული ფაქტებით და მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს.
პროკურატურა - ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში ფარცხალაძის და შოთაძის შესრულებით. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების სანქცირების.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ჩვენ გუშინ ვნახეთ ტელეკომპანია პირველის შემაშფოთებელი სიუჟეტი - რაც სიურპრიზი არ არის - როგორ დააორგანიზა სახელმწიფომ, ღარიბაშვილმა და სუსმა კონკრეტულად ლგბტ+ თემის და მედიის ცემა. ჩვენ ვიცით ეს როგორ დამთავრდა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. აქ არის კონკრეტული ფაქტები თუ როგორი დანაშაულებრივი სპეცოპერაცია ჩაუტარა სუსმა საკუთარ საზოგადოებას. ამიტომ სუსი როგორც ბიძინა ივანიშვილის ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ასევე უნდა იყოს სანქცირებული. ამ სიასაც მივაწვდით და გავაცნობთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს პარტნიორებს.
პოლიტიკური პოლიცია - დიდ პატივს ვცემ კეთილსინდისიერ პოლიციელებს. ისინი უნდა გათავისუფლდნენ იმ პოლიტიკური მარწუხებისგან, რომელიც შექმნილია ამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში", - თქვა ხოშტარია.
ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიუსელსა და ვაშინგტონში გამგზავრებას გეგმავს, რათა პარტნიორებთან იმუშაონ სანქციების საკითხთან დაკავშირებით.