ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს, ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, რათა ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, არავის არაფერი გამოუვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის დამოკიდებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია.
"რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, მის შინაარსზე და რა თქმა უნდა, სამარცხვინოა თითოეული ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ეკლესიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა და ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი გამოუვა.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების, ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.