თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს შეფასებები ისეთივე იქნება, როგორცი ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, მაშინ "ყველაფერს ფარდა აეხდება".
"როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები ყოველთვის...
ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით რეალურად რა ხდება", - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მიიღოს და სწორედ ამიტომ, მოლოდინი პოზიტიური აქვთ.
"რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი", - განაცხადა კალაძემ.