საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი გამოირიცხა, ერთზე ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარობს.
"როდესაც ე.წ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ზრდა მოხდა არაენდემურ ქვეყნებში, მაშინ ჩვენ გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, რამეთუ მოგეხსენებათ, ერთ-ერთი სიმპტომი მაღალ სიცხესთან, შემცივნებასთან, ყელის ტკივილთან და სხვა სიმპტომებთან ერთად გახლავთ, გამონაყარი. თუ ექიმი ეჭვს მიიტანს მაშინ ჩვენთან შეიძლება ამის დიაგნოსტირება.
სამი ასეთი სავარაუდო შემთხვევა იყო, 2-ზე გამოირიცხა და ერთ შემთხვევაზე, სადაც მეტი ეჭვი იყო, მიმდინარეობს ღრმა კვლევა. ალბათ, ამ კვირის განმავლობაში უნდა გვქონდეს პასუხი. არაენდემურ ქვეყნებში მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ჩვენთან სამივე პაციენტი იყო მსუბუქი, მათ შორის, ისიც, რომელიც სავარაუდოდ, არის იდენტიფიცირებული. აქაც გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობა, არაფერი არ აწუხებს, გამონაყარიც ალაგდა. გვაქვს PCR ტესტებიც. რაც შეეხება ვაქცინაციას - ჯერჯერობით არ გახლავთ ასეთი რეკომენდაცია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.