პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დაასახელა ის მიღწევები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა.
"ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია და უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა. 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა", - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებმაც კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა.
"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - დასძინა კობახიძემ.