ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა თუ საქმე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მიმართვას 2024 წელს აპირებდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა.
„კანდიდატობა იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კონკრეტული შეთანხმებული დღის წესრიგი ექნება, რომლის განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება წევრობა. ალბათ ეს ის სფეროა, სადაც შეფასებებში ზუსტები უნდა ვიყოთ. სტანდარტული გეგმების მიხედვით, საქართველო მიმართვას 2024 წელს აპირებდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რომ კანდიდატობასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე მოგვეთხოვა. ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო ევროკავშირის სტატუსს უდავოდ იმსახურებს, თუმცა თუ საქმე იმაზე მიდგება, ვის მეტად და ვის ნაკლებად ეკუთვნოდეს გატარებული რეფორმების მიხედვით, საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეფორმების 70 პროცენტი უნდა განგვეხორცილებინა და არა 45 პროცენტი, მაგრამ ახლა, როცა ეს მოცემულობა არაა და ნაჩქარევი მიმართვაა, მნიშვნელოვანია, ეს როგორ იქნება კალაპოტში ჩაყენებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.