დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს.
ამავდროულად, სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავდაპირველი მიზნების მიღწევა -კიევისა და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების აღება.
უწყების ცნობით, თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომებისა და ამ გეგმების დამაზიანებელი ტაქტიკური შესრულების გამო რუსეთის ომის კონცეფცია შეიცვალა და დონბასში გადაინაცვალა.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ამჟამად, დონბასში რუსეთს ტაქტიკური წარმატებები აქვს, რუსეთის არმია ინარჩუნებს ტემპს და შეტევაში ინიციატივას. ამ მომენტისთვის რუსეთი ლუჰანსკის ოლქის 90 პროცენტს აკონტროლებს.
უახლოეს ორ კვირაში, სავარაუდოდ, ის ამ მაჩვენებელს 100 პროცენტამდე გაზრდის. მაგრამ ეს მიღწეული იქნება რესურსების დიდი ხარჯის ფასად, ასევე ერთ მცირე მონაკვეთზე ძალებისა და საცეცხლე საშუალებების დიდი კონცენტრაციის ხარჯზე.
"სხვა ფრონტებზე და მიმართულებებზე რუსეთმა ვერ შეძლო მანევრების ან გადაადგილების რეალიზება და თავდაცვაზე გადავიდა. თუ შევადარებთ თავდაპირველ გეგმას, რუსეთმა ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
იმისთვის, რომ რუსეთმა შეძლოს გარკვეული ფორმით მაინც წარმატების მიღწევა, დასჭირდება უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი და დიდი დამატებითი დრო", - იუწყება სამხედრო დაზვერვა.