ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც სხვათა შორის, რუსული ნავთობის ნაწილობრივ ემბარგოსაც მოიცავს.
ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "სბერბანკის" საერთაშორისო გადახდების სისტემიდან (SWIFT) გათიშვასა და რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას.
დამატებითი დეტალები, მათ შორის პერსონალური სანქციების შესახებ ინფორმაცია ხვალ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 31 მაისს, ბრიუსელში გამართულ საგანგებოს სამიტზე შეათანხმეს. სამიტის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტი ასევე მოიცავს პერსონალურ სანქციებს 80 რუსი ოლიგარქის მიმართ.
როგორც იუწყებიან, ევროკავშირი პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილისთვისაც გეგმავდა, თუმცა ამის სისრულეში მოყვანას უნგრეთის პოზიციამ შეუშალა ხელი.
სანქციების მე-6 პაკეტი ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში მოამზადა, თუმცა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, დიდწილად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი წინააღდეგობის გამო.