რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება ცეცხლზე ნავთს ასხამს, ხელს არ უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას და დაძაბულობის ზრდას ემსახურება.
"მიგვაჩნია, რომ აშშ მიზანმიმართულად და მონდომებით ასხამს ცეცხლზე ნავთს". აშშ იცავს ხაზს - ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე", - განაცხადა პესკოვმა.
"მიწოდება [იარაღის] ხელს არ უწყობს აღუძრას უკრაინის ხელისუფლებას სურვილი გაანაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები", - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ უკრაინაში გაგზავნის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS М142-ს.
აღნიშნულ სისტემებს სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ, თუმცა უკრაინას გადაეცემა ჭურვები, რომელთა მოქმედების სიშორე 80 კილომეტრია.
"ამ სისტემებს უკრაინელები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე", - თქვა მაღალჩინოსანმა.
HIMARS М142-ი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 700-მილიონიანი ტრანშის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ვერტმფრენებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს გამოიყენოს სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე.
შეკითხვაზე, როგორი იქნება მოსკოვის პასუხი, თუ კიევი აღნიშნულ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენებს, პესკოვმა განაცხადა: "მოდით, ნუ ვისაუბრებთ ყველაზე ცუდი სცენარის შესახებ".