ვაშინგტონი გეგმავს უკრაინას გადასცეს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემები, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც New York Times-ში გამოქვეყნდა.
ბაიდენის განცხადებით, ეს სარაკეტო სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს, ბრძოლის ველზე საკვანძო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმები განახორციელოს.
ამასთან, ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები არ წაახალისებს და არ დაუშვებს, რომ უკრაინამ მის საზღვრებს გარეთ არსებულ სამიზნეებს დარტყმა მიაყენოს.
ამავდროულად, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში გაგზავნის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS М142-ს.
აღნიშნულ სისტემებს სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ, თუმცა უკრაინას გადაეცემა ჭურვები, რომელთა მოქმედების სიშორე 80 კილომეტრია.
"ამ სისტემებს უკრაინელები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე", - თქვა მაღალჩინოსანმა.
HIMARS М142-ი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 700-მილიონიანი ტრანშის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ვერტმფრენებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა.
მანამდე, 26 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდება, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე მიაღწიოს, იქნება "სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ".