გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სიტემებს გადასცემს. ამის შესახებ შოლცმა გერმანიის ბუნდესტაგში დებატებისას განაცხადა. ინფორმაციას Tagesspiegel ავრცელებს.
დებატების დროს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის მიმართ კანცლერის პოლიტიკა გააკრიტიკა. პასუხად ოლაფ შოლცმა განაცხადა უკრაინისთვის შეიარაღების შემდგომი მიწოდების შესახებ.
"უახლოეს კვირებში, ნიდერლანდებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინას 12 ყველაზე თანამედროვე თვითმავალ ჰაუბიცას მივაწვდით", - განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა Panzerhaubitze 2000-ის გამოყენებაზე რამდენიმე დღეში დასრულდება.
"ასევე ფედერალურმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ უკრაინას მიაწვდის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელიც გერმანიას აქვს IRIS-T-ის სახით... ამგვარად, უკრაინას მივცემთ შესაძლებლობას დაიცვას ქალაქი რუსული ავიაციის იერიშისგან", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ამის გარდა, გერმანია უკრაინას გადასცემს თანამედროვე რადარებს, რომელსაც მტრის ჰაუბიცების, ნაღმტყორცნებისა და რეაქტიული არტილერიის დაფიქსირება შეუძლია.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიაწვდის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომლებსაც რუსეთამდე მიღწევა არ შეუძლიათ.