იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა:
„რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, ამაზე დასრულდა საუბარი ყველა სამართლებრივ ინსტანციაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს გლდანის №18 დაწესებულებაში, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოსდა, ვციტირებ, 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს. სწორედ ამიტომ, რომ ამას შესაძლოა, გამოეწვია მღელვარება, რადგან ტელევიზიაში ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და სახელმწიფო უსაფრთოების ინტერესების უზრუნველსაყოფად გასაჯაროვდა შესაბამისი კადრები“.
რატი ბრეგაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სააკაშვილისთვის შიმშლობის შეწყვეტისკენ არცერთხელ მოუწოდებიათ.
„მეტიც, მახსენდება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული ფრაზა, რომ მას არ შეეწყვიტა შიმშილობა რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი და ვერ გადაიტანდა. ერთ-ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტი ამას ამბობდა“. – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას.