პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მყოფ ქართველებს არჩევნებში ელექტრონული ფორმით მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
"პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს.
საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ - ჯამში, 2,5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14 %-ს წარმოადგენს.
პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მათი მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია! ხელისუფლება ვალდებულია შექმნას მოცემულობა, რომლითაც ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხმა მისცენ საქართველოს არჩევნებში.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა, როდესაც მილიონზე გაცილებით მეტი ემიგრანტი გვყავს. ვერცერთი, თუნდაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე.
მოვუწოდებ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში და ვთხოვ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაგვიწიონ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მომდევნო, რიგგარეშე თუ მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით და ემიგრანტების სრული ჩართულობით ჩატარდეს.
ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით", - აცხადებს ოქრიაშვილი.