საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, უცხოეთში მყოფ ქართველებს არჩევნებში ელექტრონული ფორმით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. თან როდესაც არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქთან, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს პოლარიზაციას ქვემოთ დასწევდა“, - თქვა პრეზიდენტმა.
ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივდეს.
"დიასპორის წარმომადგენლები არიან მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გამადიდებელნი და წარმომადგენლები. მაგრამ ამისთვის ერთ რამ არის ყველაზე მთავარი, ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და იყოს რაც შეიძლება მეტად გაძლიერებული. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ. პირველ რიში, ის, რაც დაწყებულია და ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ქვეყნის ინტერესია, დიასპორის იმ წევრებმა, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ შვილებისთვის ამის მიღწევა რაც შეიძლება ადვილად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა დიასპორის წარმომადგენელთა პოლიტიკაში ჩართულობა და მათ უნდა ჰქონდეთ პარლამენტში წარმოდგენის შესაძლებლობა.