შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციას პარლამენტიდან გამოსვლისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ბრიუსელში მმართველ პარტიასთან ერთად არ უნდა გაემგზავროს.
"გამოდით პარლამენტიდან, მოაწერეთ ხელი ივანიშვილის სანქციების საერთო მიმართვას და შექმენით ალტერნატიული საკონსულტაციო პარლამენტი. ეს რეჟიმის ჩამოშლას საბოლოოდ დააჩქარებს, განთავისუფლდება ქვეყანა, ხალხი და პირველ რიგში თქვენ განთავისუფლდებით იმ ვალდებულებებისგან, რომელიც როგორც ჩანს, აღებული გაქვთ ივანიშვილის რეჟიმის წინაშე", - აცხადებს ნათელაშვილი.
ამავდროულად, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციას "ოცნების" მაშველი რგოლის ფუნქცია აქვს.
"როგორც შევიტყვე, ოპოზიცია ემზადება ბრიუსელში "ქართულ ოცნებასთან" ერთად ვიზიტისთვის, რათა დაარწმუნონ ევროპა, მიგვიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მაშინ, როცა იციან, ამის შანსიც არ გაგვაჩნია.
პარლამენტში მჯდომი მეგობრები, აბსოლუტური უმრავლესობა მათი, ყველა არა, ასრულებს მაშველი რგოლის ფუნქციას რეჟიმის მეთაურ დიქტატორ ივანიშვილის გადასარჩენად. მეგობრებო, ნუ მიყვებით ოლიგარქს პოლიტიკურ საფლავში! გამოდით პარლამენტიდან!" - განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.