ამერიკის საელჩო ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას - მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.
„მე ამის ღრმად მწამს. ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.
საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.
ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს.
2017-19 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და ნაცმოძრაობის სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან“, - თქვა კობახიძემ.