რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
„ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა - რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც, მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა.
წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არა აქვთ და მოსამართლეებს „კლანს“ უწოდებენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი რომ გქონდეთ, მერე რას იზამდნენ.
არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ“,- თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩო ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას - მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა“, - თქვა კობახიძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას ითვალისწინებს.