იმ მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება,რომელსაც ასეთი რეპუტაცია აქვს, არაფრისმომცემია და დიახ, სწორია, თუ ასე მოხდა. ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფული ამაზე არ უნდა იფლანგებოდეს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგიდან მოხსნა.
„ის გზა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და მისი ყველა მოსამსახურე, თუნდაც ეს მოსამართლე ან სხვა საჯარო მოხელე, მაგრამ განსაკუთრებით მოსამართლე, ვინც მას ემსახურება თავისუფალ სამყაროსთან, თავისუფლებასთან კონფლიქტში მოდის, მერე ამ კონფლიქტს თავისი შედეგები აქვს. ამ შედეგებიდან ყველაზე მცირედია ის, რომ აღარ წაიყვანეს ტრენინგზე. ეს შედეგები უფრო გაღრმავდება, რაც დრო გავა, ოღონდ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ უნდა დაველოდოთ იმიტომ, რომ ამასობაში ჩვენი ქვეყანა ზიანდება. ისე, უნდა გითხრათ, რომ იმ მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება,რომელსაც ასეთი რეპუტაცია აქვს არაფრისმომცემია და დიახ, სწორია, თუ ასე მოხდა. ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფული ამაზე არ უნდა იფლანგებოდეს“,- განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.