საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება.
მთავრობის მეთაური კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან პროექტის მიმდინარობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
მთავრობის მეთაურთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.