ტელეარხ Sky News-ის ცნობით, 20 მაისს დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა. ამრიგად, ქვეყანაში ვირუსით ინიფიცრების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, ჯანდაცვის მესვეურები შიშობენ, რომ შესაძლოა, ბევრი შემთხვევა ჯერ კიდევ არ იყოს გამოვლენილი.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა.
"შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია და მე შემიძლია დავადასტურო, რომ შევიძინეთ ვაქცინების დოზები, რომლებიც ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ", - თქვა მან.
ვირუსით ინფიცირების შემთხვევების დადასტურების შესახებ იუწყებიან ევროპის სხვა ქვეყნებიც, ასევე აშშ, კანადა და ავსტრალია.
რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის შემთხვევები?
ბრიტანეთი: 20
იტალია: 2
გერმანია: 1
ესპანეთი: 21
ბელგია: 2
საფრანგეთი: 1
ავსტრალია: 1 დადასტურებული, 1 "სავარაუდო"
კანადა: 2
პორტუგალია: 14 დადასტურებული, 20 საეჭვო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.