მუსიკალური კონკურსის "ევროვიზიის" ორგანიზატორმა განმარტა, კონკურსის მეორე ნახევარფინალსა და ფინალში რატომ მოხდა ექვსი ქვეყნის ეროვნული ჟიურის ხმების ანულირება.
საუბარია აზერბაიჯანზე, საქართველოზე, პოლონეთზე, რუმინეთზე, სან-მარინოსა და მონტენეგროზე. როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრესრელიზიდან ირკვევა ამ ქვეყნების ჟიურიმ ნახევარფინალის ქულები ერთმანეთს გადაუნაწილა.
მაღალი ქულები - "ევროვიზიის" აუტსაიდერებს
ასეთი შედეგი მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა 15 ქვეყნის ჟიურის კენჭისყრის შედეგებისაგან, რომლებმაც მეორე ნახევარფინალის მონაწილეების გამოსვლები შეაფასეს. ამ ქვეყნების ჟიურიმ დასახელებული ქვეყნებიდან ხუთს პირველ რვიანშიც არ მისცა ადგილი, რამაც ევროპის მაუწყებელთა კავშირს კენჭისყრის კეთილსინდისიერებაში ეჭვი გაუჩინა.
ეჭვს ბადებდა ამ ექვსი ქვეყნის ჟიურის შეფასების სხვა "თავისებურებებიც".
კონკურსის წესების თანახმად, აზერბაიჯანის, საქართველოს, პოლონეთის, რუმინეთის, სან-მარინოსა და მონტენეგროს ჟიურის კენჭისყრის შედეგების ანულირება მოხდა და შეიცვალა აგრეგირებულით, ანუ დანარჩენი ქვეყნების ჟიურის კენჭისყრის საერთო შედეგებით.
როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, "დარღვევის უპრეცენდენტო ხასიათის გათვალისწინებით" დაჯარიმებული ექვსი ქვეყნის ჟიურის ხმის მიცემის შედეგები გაუქმდა კონკურსის ფინალშიც.
"ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. კონკურსზე უკრაინის სახელით ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania გამოვიდა.
ფინალური შოუს მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ, რომლის შედეგებიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა გამოაცხადა, უკრაინას 6 ქულა მიანიჭა. ქართველი მაყურებლისგან კი უკრაინამ უმაღლესი, 12 ქულა დაიმსახურა.
მოგვიანებით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინას 12 ქულა დაუწერა და არა 6. როგორც გაირკვა, საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის ჟიურის შედეგები, ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გაანულა და შეცვალა აგრეგირებულით.